სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ Print
Wednesday, 23 May 2012 00:00

აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის 8 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცეს, რომლებიც ,,AJARA TEXTILE"-ში უკვე დასაქმდნენ.


„ეს კარგი მაგალითია მთავრობისა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობისა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და სასწავლებელი შევაკეთეთ, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დავამუშავეთ სასწავლო პროგრამები, კერძო ინვესტორებმა კი მათ დასაქმებას შეუწყეს ხელი. საბჭოთა პერიოდში მკერავის სპეციალობის შესწავლას სამი წელიწადი ჭირდებოდა. ახლა მისი დაუფლებისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. ეს კი დასაქმების საშუალებას მაქსიმალურად მცირე დროში იძლევა,“ – განაცახდა ლევან ვარშალომიძემ.

პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი" და შპს ,,AJARA TEXTILE"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმდა. კოლეჯმა აიღო ვალდებულება შპს ,,AJARA TEXTILE" - სათვის მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში მოამზადოს 60 სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი. 

პროფესიულ კოლეჯში ,,ბლექსი" 388 სტუდენტი ეუფლება სვადასხვა პროფესიას, აქედან 32 სამკერვალო ნაწარმის სპეციალობას სწავლობს.