საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ისახავს მიზნად... Print
Wednesday, 07 July 2010 13:30

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ისახავს მიზნად. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმვა-მშენებლობაზე კორპორაციას ინტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული. კონსულტანტმა უნდა განახორციელოს საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობის შესწავლა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების ფინანსირების მოთხოვნებს. კერძოდ, ბაზრის ანალიზს, მომარაგების საშუალებების დადგენას, წარმოებული ნავთობ-პროდუქტების მოცულობის დადგენას, სარგებლისა და დანახარჯების შეფასებას, ალტერნატიული გადაწყვეტილებების ანალიზს, რისკების ანალიზს, ბიზნეს გეგმისა და ფინანსური მოდელის შემუშავებას, პროექტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების შეფასებას, კონცეპტუალურ დაგეგმარებას. კონსულტანტის მიერ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება სრულად უნდა გადმოცემდეს პროექტის შესაძლო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, აღწერდეს არსებულ საკანონმდებლო შეზღუდვებსა და რეგულაციებს და მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად შემდგომი დეტალური დაპროექტებისა და მშენებლობისათვის. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს, შესაბამისად, ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ ნავთობ პროდუქტებზეა დამოკიდებული. მზარდი მოთხოვნა ნავთობ პროდუქტებზე ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზარზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის არსებობისთვის ქმნის საფუძველს. კორპორაციაში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 15 ივლისამდე იწარმოებს.