„ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“... Print
Friday, 16 July 2010 12:48

მსოფლიო ბანკის (World Bank) მოხსენება „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“-ის (Investing Across Borders 2010) მიხედვით, საქართველო, მსოფლიო 87 ქვეყანას შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. მსოფლიო ბანკის აღნიშნული კვლევის ყველა ინდიკატორით, საქართველო, უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უცხოური კომპანიის მიმართ. საქართველოში უცხოური ბიზნესის წამოწყებისთვის მხოლოდ 4 პროცედურა და 4 დღეა საჭირო. საქართველოში მსოფლიოს ქვეყნებიდან ყველაზე სწრაფად ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) შექმნა. უცხოურ კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიას შეუძლია „ონლაინ“ რეჟიმში შეავსოს რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები და მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ქვეყანაში კომპანიებს შეუძლიათ საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში გახსნან. არ არსებობს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიისათვის. საქართველოში ბიზნესის წამოწყება კომპანიას 1 კვირაზე ცოტა დროში (4 დღეში) შეუძლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში საჭიროებს 33 დღეს, რუსეთში - 31 დღეს, საბერძნეთში - 22 დღეს, ბულგარეთში - 20 დღეს, სომხეთში - 18 დღეს, თურქეთში - 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს მოითხოვს ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე). 2008 წელს მიღებული კანონით, ქ. თბილისში, მიწის ფლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო საკითხები ძალიან გამარტივდა და დაჩქარდა. მიწის, როგორც იჯარით აღება, ასევე, ყიდვაა შესაძლებელი და ამ კუთხით, არ არსებობს შეზღუდვა მიწის ფართობთან დაკავშირებით. მიწის იჯარით აღებისათვის, საქართველოში, 1 კვირაა საჭირო, მაშინ, როდესაც პოლონეთში აღნიშნული პროცედურა 5 თვეს საჭიროებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემა საქართველოში 50 დღეშია შესაძლებელი, ხოლო ბულგარეთში, თითქმის 1 წლამდე (351 დღე) ხანგრძლივდება. მსოფლიო ბანკის კვლევა „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“ აანალიზებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე, კერძოდ, თუ როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.

იხილეთ სტატისტიკა...