გზათსარგებლობის საფასურად 200 ლარი განისაზღვრა... Print
Monday, 23 August 2010 16:38

გზათსარგებლობის საფასურად მთავრობამ 200 ლარი განსაზღვრა. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელიც უკვე ძალაშია, გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს.
დადგენილებაში ასევე გაწერილია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის პროცედურა. კერძოდ, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას თუ ტვირთების გადაზიდვისას, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების -ტრაქტორების, უნაგირა საწევარების, ტვირთების გადამზიდავ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებების მიკროავტობუსების გარდა, სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების -ავარიულ სატვირთო ავტომობილების, ავტოამწეების, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებების, ავტობეტონსარევების, გზების დასუფთავების ავტომობილების, სარწყავ-სარეცხი ავტომობილების, ავტოსახელოსნოების და რენტგენული დანადგარების მქონე ავტომობილების მფლობელი თუ მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე ბანკში გზათსარგებლობის საფასური -200 ლარი გადაიხადოს.
ასევე, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას, შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი პირი სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სავალდებულო წესით წერილობითი ფორმით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას.
დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება თუ ტვირთის გადაზიდვა.
იმ შემთხვევაში კი, თუ მძღოლი ამ წესს დაარღვევს, მას დააჯარიმებენ 600 ლარის ოდენობით.
დადგენილებაში ასევე განსაზღრულია გზათსარგებლობის საფასურისგან გათავისუფლების პირობაც. კერძოდ, გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით ახორციელებს.
გზათსარგებლობის საფასურის შემოღების მიზნად მთავრობამ განახლებული გზების შენახვა დაასახელა. შესაბამისი გადაწყვეტილება კი პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა