საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის გაიმართა შეხვედრა... Print
Thursday, 15 November 2012 11:14

2012 წლის 14 ნოემბერს, ბათუმში სასტუმროში „შერატონი“ გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და რეგიონში მოღვაწე, როგორც ადგილობრივი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე უცხოელ ინვესტორებ შორის.  კონფერენციას საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და წევრი კომპანიები დაესწრნენ. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი თავართქილაძე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ, მათ ინვესტორებს გააცნეს ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია ბიზნესის ხელშეუხებლობა და მისი განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს-გარემო, სადაც ყველასთვის იქნება თამაშის საერთო წესი და აღარ იარსებებს ხელოვნური მონოპოლიები. მათ ისაუბრეს კანონმდებლობის გამარტივება–დახვეწაზე, ბიზნესმენებს მოუწოდეს იყვნენ პატიოსანი გადამხდელები სახელმწიფოს წინაშე და მთავრობა ყოველთვის მათი ერთგული იქნება. ,,მე ვფიქრობ რომ დროული და ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქმნიან. მათ აქვთ პრობლემები საგადასახადო კანონთან და ადმინისტრირებასთან და ასევე ჯარიმებთან დაკავშირებითაც. ხელისუფლების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სპონტანური არ იქნება.“- აღნიშნა ნოდარ ხადურმა. „ჩვენი სურვილია კონკურენტული გარემოს შექმნა, საუკეთესო პროექტების შერჩევა და მათი დამტკიცება. ასევე ვაცხადებ, რომ არცერთი დაწყებული პროექტი არ შეჩერდება“ -განაცხადა არჩილ ხაბაძემ. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიისას რამდენიმე პრობლემატური საკითხი წამოიჭრა. ყველაზე პრობლემატური საკითხი საგადასახადო კოდექსი აღმოჩნდა. ბიზნემენების განმარტებით კოდექსის ინტერპრეტაციას შემოსავლების სამსახური და მეწარმე სხვადასხვანაირად ახდენს. მინისტრის განცხადებით საგადასახადო კანონმდებლობის მოწესრიგებაზე მუშაობა დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ დამსწრე უცხოელ ინვესტორთა უმრავლესობას თურქი ბიზნესმენები  წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში მოღვაწე თურქი ინვესტორების საქმიანობების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ბიზნესმენები დაინტერესდნენ არსებული საკითხით, აღნიშნული  ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებმა ცრუ უწოდეს და განაცხადეს, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნა იყო და იქნება. შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე დაისვა საკითხი  დაკავებული მეწარმეების ამნესტიის შესახებ, რაზედაც მინისტრმა ყველა კონკრეტული საკითხის გადახედვის პირობა დადო და დაინტერესებულ პირებს ოფიციალური წერილით მიმართვა სთხოვა შესაბამის ორგანოებისათვის. ერთ–ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც განიხილეს ეს იყო სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. ბიზნესმენებმა  ბათუმში სამორინეების დახურვის საკითხის დაზუსტება ითხოვეს, რადგან ისინი სამომავლოდ ახალი ინვესტიციების დამატებას გეგმავენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამორინეების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება მსჯელობის, განხილვის და ანალიზის შემდეგ მიიღება.  მთავრობა მზად არის საქართველოში ბიზნესის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვა უზრუნველყოს. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ სამომავლოდ მსგავსი  შეხვედრების ორგანიზების პირობა დადო.