ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა Print
Sunday, 29 June 2014 10:35

2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ. ხელშეკრულებაზე ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურებმა.  ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და 27 ივნისის თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულება არის ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი, რომელთა მიზანიც უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაა. "საქართველოსთვის კარი უკვე გაღებულია, დღევანდელი ხელმოწერა ამის ნათელი დემონსტრაციაა. ეს რის ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა ევროპეიზაციისა, მოდერნიზების გენერალური გეგმა. ეს დამოკიდებულია რეფორმებზე და ჩვენ ვიკისრეთ რეფორმების განხორციელების ვალდებულება. რამდენად სწრაფად განვახორციელებთ რეფორმებს, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები. ეს დამოკიდებულია ჩვენზე, შეიძლება ვთქვათ 5-10 წელიწადი, ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს. ჩვენ ამ რეფორმების განხორციელების ვალდებულება ავიღეთ, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ ევროკავშირის სტანდარტებთან. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს, რომელიც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას გზას გაუხსნის მსოფლიოში ყველაზე დიდი და დინამიკურად მზარდი ბაზრისაკენ, ყოველგვარი ტარიფებისა და კვოტების გარეშე. ევროპული სტანდარტების, კერძოდ კი, ხარისხის სტანდარტების დანერგვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოოდ მოიტანს მეტ ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს და დადებით როლს ითამაშებს სოციალური კეთილდღეობის ამაღლებაში",-განაცხადა პრემიერმა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არ არის საქართელოს საბოლოო მიზანი, ის მხოლოდ ევროპისკენ მიმავალი გამოწვევებით აღსავსე გზის დასაწყისია. "ჩვენ მზად ვართ, მივყვეთ ამ გზას და ევროკავშირთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახი,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია ოს და აფხაზ ძმებს გაუზიაროს სარგებელი, რის შესაძლებლობასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება იძლევა. "რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვფიქრობ, ძალიან ნათლად განვაცხადე, გავუგზავნე ჩვენს ძმებსა და დებს ნათელი მესიჯები, რომ კარი ღიაა, მათაც ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სარგებელი ასოცირების ხელშეკრულებისგან, თავისუფალი სავაჭრო ზონისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმისგან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ნათელი გზავნილია, რომ ხელშეკრულება დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათაც და ჩვენი სურვილია, გავუზიაროთ მათ ეს სარგებელი,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.