12 სულიანი ეკომიგრანტი ოჯახი სარეზერვო ფონდიდან ბინით დაკმაყოფილდა Print
Thursday, 14 January 2016 10:15

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით ბაგრატ ივანაძეს 12 სულიან ოჯახს სოფელ კვირიკეში კერძო სახლი გადაეცა. მრავალშვილიანი ბაგრატ ივანაძის ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარი გამოიყო. 2005 წლიდან ეკომიგრანტი ოჯახი ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ჩაასახლეს, საიდანაც გაუსაძლისი პირობების გამო იძულებული გახდნენ აჭარაში დაბრუნებულიყვნენ. გასულ წლებში ოჯახის დახმარების მიზნით პერიოდულად ხორციელდებოდა საქველმოქმედო აქციები. წელს აჭარის მთავრობამ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და ელექტროტექნიკა გადასცა. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია საქველმოქმედო ღონისძიებებს ტრადიციულად განაგრძობს. ასოციაციამ ივანაძეების ოჯახს პროდუქტით და ტანსაცმლით გასულ წელსაც დაეხმარა  , ხოლო წელს ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ( მაცივარი, გაზქურა, წყლის გამაცხელებელი და უთო ) გადასცა.  ოჯახის 10 შვილიდან ყველაზე უმცროსი 1 წლის და 6 თვისაა, მისი მომდევნო ტყუპები კი 3 წლამდე ასაკის. 4 მათგანი სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ივანაძეების ოჯახი რეგისტრირებულია 10000 ქულით. მათი შემწეობა თვეში 500 ლარს შეადგენს.