IUHB - საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ჰოსპიტალი ბათუმში Print
Monday, 01 February 2016 07:47

2016 წლის თებერვლის ბოლოს  ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება.ხოლო ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 1 თებერვლიდან დაიწყო. IUHB მრავალპროფილური ჰოსპიტალია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში იმუშავებს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა  და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.  IUHB -ში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში არიან ჩართული და მუდმივად ეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება.  კარდიოლოგია ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მას სტამბოლში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ მიქელაძე-დინდარი უხელმძღვანელებს. ჰოსპიტალში მეან-გინეკოლოგიურ მიმართულებას თემურ გაბაიძე უხელმძღვანელობს, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. რეპროდუქტიულ განყოფილებაში უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის პროცესი გამოცდილი რეპროდუქტოლოგი მეჰმედ ჯან ასლანჯას მეთვალყურეობით წარიმართება. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას მაჰირ ბალაქიშიევი უხელმძღვანელებს. ჰოსპიტალში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის აღარ მოუხდეს დედაქალაქის კლინიკებისთვის მიმართვა ან უცხოეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაღება. ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს   როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა. IUHB ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. ჰოსპიტალის მენეჯმენტის მიზანი JCI -ის აკრედიტაციის მოპოვებაა, რომელიც გლობალურ ჯანდაცვაში ოქროს სტანდარტად განიხილება.