ციხისძირში ახალი სასტუმრო გაიხსნა Print
Monday, 27 June 2016 05:40

აჭარის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო - "კასტელო მარე" შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განხორციელებული მსხვილი ბიზნესპროექტი, რომელშიც 25-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას. "ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემო გარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს," - განაცხადა პრემიერმა.  ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი "კასტელო მარე" შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე. კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, 4-ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.