ბიზნესმენებს საგადასახადო სამსახურში პერსონალური აგენტი ეყოლებათ... Print
Tuesday, 18 May 2010 14:39

ბიზნესმენებს საგადასახადო სამსახურში პერსონალური საგადასახადო აგენტი ეყოლებათ. ამის შესახებ საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსმა commersant.ge–სთან ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნული საკითხი საქართველოს ინვესტორთა ასოციაციამ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დააყენა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. პერსონალური აგენტი მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაშიც დაეხმარება, რადგანაც კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ხშირად შედის. იგი ბიზნესმენებს კომპანიის შემოწმების დროსაც გაუწევს სამსახურს და საგადასახადოსა და გადამხდელების ურთიერთობას გაამარტივებს. გიორგი ცხაკაიას თქმით, პერსონალური აგენტი მეწარმეებს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას გაუმარტივებს და ამ მომსახურებას ბიზნესმენებს  უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ. პერსონალური აგენტის კონკრეტული ფუნქციების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე  არ გამოქვეყნებულა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ საგადასახადო აგენტი იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც საბანკო სექტორში პერსონალური ბანკირი. სპეციალისტების შეფასებით, ეს შემოსავლების სამსახურის და გადამხდელების ურთიერთობას გაამარტივებს.  თუ კომპანიებს საგადასახადო კანონთან დაკავშირებით პერსონალური აგენტი დაეხმარება, ნაკლები პრობლემები იარსებებს. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მიესალმება პერსონალური საგადასახადო აგენტის სამსახურის შემოღებას და იმედს გამოთქვმს, უახლოეს მომავალში მისი ამოქმედებით კიდევ უფრო ხელი შეეწყობა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუჯობესებას.